თურქეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ოთხივე კაცი ამ დროისთვის ანტალიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. რაც შეეხება ქალს, რომელიც ჯგუფთან ერთად დააკავეს, ის სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა, თუმცა თურქეთის ტერიტორიიდან გასვლა აეკრძალა.
თურქეთში საქართველოს დესპანის გელა ჯაფარიძის განმარტებით, დაკავებულების ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს. საელჩოსთვის მიმართვის შემთხვევაში მათ საპატიმრო დაწესებულებიდან ოჯახის წევრებთან დარეკვაც შეეძლებათ.
ანტალიაში ქართველები 16 ივლისს დააკავეს. საქართველოს მოქალაქეებს მანქანებისა და სახლების ძარცვა ედებათ ბრალად. პოლიციამ მათი ამოცნობა სათვალთვალო კამერების მეშვეობით შეძლო. დაკავებულთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ოქრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები.