საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დედასთან, მამასთან, მეუღლესთან და შვილთან _ თეიმურაზთან ერთად ცხოვრობს.
2016 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ქვეყნის პირველი პირი დუშეთში, სააკაძის #37 ფლობს 4462 კვადრატულ მიწის ფართობს და 200 კვადრატულ საცხოვრებელ სახლს.
ამავე მისამართზე, პრეზიდენტის საკუთრებაშია ასევე 40 კვადრატული ფართის საცხოვრებელი სახლი.
გიორგი მარგველაშვილს 120 კვადრატული ფართის ბინა აქვს თბილისში, პაოლო იაშვილის #16-ში;
პრეზიდენტის მამა, თეიმურაზ მარგველაშვილი 165 კვადრატული ბინის მფლობელია თბილისში, პავლე ინგოროყვას #22-ში.
გიორგი მარგველაშვილის მეუღლის, მაკა ჩიჩუას საკუთრებაშია70 კვ.მ ბინა, თბილისში, ლერმონტოვი-ჯაფარიძის # 25/17-ში.
დეკლარაციის შევსების დროს გიორგი მარგველაშვილს სახელფასო ანგარიშზე 9035 ლარი ჰქონდა; მისი მამის საპენსიო ანგარიშზე 180 ლარი იყო.
დედის _ მზეანა გომელაურის სახელფასო ანგარიშებზე, რომელიც „თიბისი“ ბანკშია გახსნილი, ჯამში 2479 ლარი იყო, ხოლო საქართველოს ბანკში გახსნილ სახელფასო ანგარიშზე 600 ლარი.
პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას მიმდინარე ანგარიშებზე „ქართუ ბანკში“ 326 ლარი, 378 დოლარი და 576 ევრო იყო.
რაც შეეხება შემოსავლებს _ 2015 წელს გიორგი მარგველაშვილმა ხელფასის სახით 82800 ლარი მიიღო.
პრეზიდენტის დედამ, რომელიც აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ლექტორია, 2015 წელს 2270 ლარი მიიღო.
ქალბატონი მზეანა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორიცაა და აქედან მისმა წლიურმა შემოსავალმა 1577.50 ლარი მიიღო, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან 1900 ლარი.
დოკუმენტის თანახმად, დეკლარაციის შევსების დროს არც პრეზიდენტს, არც მისი ოჯახის წევრებს ნაღდი ფული არ ჰქონიათ და არც ისეთი საჩუქრები მიუღიათ, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება.