დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ჯაბა იოსელიანის საფლავი შეურაცხყვეს. უცნობმა პირმა საღებავით საფლავის ქვაზე დატოვა წარწერა “გადამასვენეთ” _ ამის შესახებ ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურმა საფლავი უკვე გაწმინდა და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნა. დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დირექტორი ბადრი ქუთათელაძე მომხდარს ხვალინდელ თარიღს უკავშირებს.
10 ივლისი ჯაბა იოსელიანის გარდაცვალების დღეა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჯაბა იოსელიანის საფლავი შეურაცხყვეს.
ჯაბა იოსელიანი 2003 წელს გარდაიცვალა. ის იყო XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების პირველი ნახევრის ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სამხედრო საბჭოს წევრი 1992 წლის 6 იანვარიდან ამავე წლის 10 მარტამდე.
ჯაბა იოსელიანი იყო სამხედრო მეთაური და შეიარაღებული ფორმირება „მხედრიონი“-ის დამაარსებელი და ლიდერი.