საქველმოქმედო ფონდ “აი ია”-ს ინიციატივითა და ხელშეწყობით სმენადარღვეულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრმა ქალაქ ოზურგეთში 15-16 ივნისს ორდღიანი ტრენინგი სახელწოდებით “კოხლეარული იმპლანტაცია – მძიმე სმენადაზიანების რეაბილიტაციის ყველაზე ეფექტური მეთოდი”, ადგილობრივი სკოლების ინკლუზიური განათლების პედაგოგების, საბავშვო ბაღების პედაგოგებისა და დაზიანებული სმენის მქონე ბავშვების მშობლებისათვის ჩაატარა.
დღეს, უკვე, ფონდ “აი ია“-მ სამედიცინო ცენტრ “მედალფას“ სმენის შემოწმების აპარატურა გადასცა. სკრინინგის აპარატურა, რომელიც ოზურგეთისა და გურიის მოსახლეობისთვის ფონდ „აი ია“-ს დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა შეიძინა, სმენის პრობლემის დიაგნოსტირებას ადგილზე გახდის ხელმისაწვდომს.
სკრინინგის აპარატის გადაცემის პროცესს, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე დაესწრო.
„მივესალმები ფონდ “აი ია“-ს ამ მნიშვნელოვან და ამავე დროს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. სკრინინგის აპარატის ოზურგეთში განთავსება, გარდა მისი საჭიროებისა, ამ პრობლემის მქონე ბავშვების მშობლებს შეღავათს გაუწევს. მათთვის დიაგნოსტირება ადგილზევე გახდება შესაძლებელი. მადლობას ვუხდი ფონდ „აი ია“- ს დამფუძნებელს ბატონ ვანო ჩხარტიშვილს ამ ქველმოქმედებისთვის“, _ აღნიშნა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
დღესვე, სამედიცინო კლინიკა “მედალფა“-ში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“, ფონდ „აი ია“-ს და შპს „კინდ-სმენა“-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი ჩატარდა. აღნიშნული ტრენინგი მიზანად ისახავს სამედიცინო პერსონალის სწავლებას სკრინინგის პრაქტიკული უნარჩვევბის განვითარებაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი 1000 ახალშობილიდან დაახლოებით 1-დან 5 ახალშობილს აღენიშნება თანდაყოლილი ან ადრეულ ასაკში გამოვლენილი სენსონერვული სიყრუე ან მწვავე თუ ღრმა ხარისხის სმენის დარღვევა, რაც იწვევს მეტყველების, ვერბალური კომუნიკაციის და კოგნიტური უნარების შენელებულ განვითარებას, ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის, სასწავლო პროგრამების ათვისების და ინტელექტუალური განვითარების შეფერხებას. (R)