საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე გამოქვეყნებულ ცნობაზე მისი ხელმოწერა არ არის. ამის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„იმ ცნობის კოპია ვნახე, რომლის საფუძველზეც უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა ჩამომართვა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ჩემი ხელმოწერა არ არის და ცნობაც მე არ შემივსია”, _ წერს სააკაშვილი.
სააკაშვილი ავრცელებს აღნიშნული დოკუმენტის ფოტოებსაც, რომელიც მანამდე ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრმა და უკრაინის რადას დეპუტატმა ვლადიმირი არიევმა გაავრცელა.
სააკაშვილი მოითხოვს, რომ მისი ხელმოწერის გრაფიკული ექსპერტიზა დაუყოვნებლივ ჩატარდეს.
„ხელმოწერის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლების სათავეში თაღლითები მოხვდნენ“, _ წერს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.