ყველაზე სახიფათო ინტერნეტ–ავარია მოხდა 2008 წლის იანვარში. ზუსტად ერთი კვირის განმავლობაში დაზიანდა ოკეანის ფსკერზე გამავალი 4 კაბელი, რის შედეგადაც შეწყდა კავშირი აზიის, აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელს შორის. ავარიის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო გემიდან ზღვაში ჩაშვებული ღუზა ან არაკეთილმოსურნეთა მზაკვრული ხრიკები.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პატენტირებულია ყველაზე საიმედო მაღვიძარა. იგი მოთავსებულია საწოლის თავზე და თოკით შეერთებულია სასხლეტთან, რომელიც ლეიბს იკავებს. თუ ზარმა ვერ გაგაღვიძათ, ნუ დაღონდებით: ლეიბი დაბლა დაეშვება და თქვენ იატაკზე გადმოგაკოტრიალებთ.
ინდოეთის ერთ-ერთი ტომის ქალებს ორნაირი ენა აქვთ: ერთი კაცებისთვის, ხოლო მეორე-ქალებისთვის. კაცებთან სასაუბრო ენა ყველასთვის გასაგებია, ერთმანეთთან კი კაცებისთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ.
ამერიკელმა ზოოლოგებმა შეადგინეს ცოცხალ არსებათა სია მათი სიფრთხილის ზომის მიხედვით, რომელსაც ისინი იჩენენ ქუჩაზე გადასვლისას. პირველ ადგილზე გამოვიდა ბატი, რომელიც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, თითქმის არასდროს არ ხვდება ტრანსპორტის ბორბლებქვეშ. ბატის შემდეგ მოდის ღორი და კატა. ქათამი და ძაღლი ერთ დონეზე არიან, ხოლო ადამიანს ბოლო ადგილი უკავია.
მცენარეთა უმრავლესობა მინერალურ მარილებს და წყალს ნიადაგიდან იღებს, თუმცა ზოგი მცენარე ისეთ მწირ ნიადაგზე იზრდება, რომ კვების დამატებითი წყარო სჭირდება, ეს მცენარეები ცოცხალ ცხოველებს იჭერენ და შეექცევიან.
ასეთ მცენარეთა რიცხვს განეკუთვნებოდა ვენერას ბუზიჭერია, რომელიც მწერებს, ობობებს და ზოგჯერ ბაყაყებსაც კი იჭერს. იგი ფოთლის კიდეებზე მოთავსებული ბუსუსებით ნებისმიერი სხეულის შეხებას გრძნობს. თუმცა მისი ფოთლები მხოლოდ მაშინ იხურება, როცა მასზე მოხვედრილი სხეული ფართხალებს. ასე რომ, წვიმის წვეთებს იგი ყურადღებას არ აქცევს.