ინციდენტი მოხდა წუხელ ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, #60/06 საარჩევნო უბანზე.
ამ დილით უბანზე მისულ კომისიის თავმჯდომარეს ირმა გოგატაძეს, რომელიც ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება, და კომისიის წევრებს, კედელზე გამოკრული ამომრჩეველთა სია ჩამოხეული დახვდათ.
ამის გარდა, როგორც უბნის მდივანი ეკატერინე ჭელიძე “გურია ნიუსთან” ამბობს, დაზიანებულია შენობის წინა მხარე, გადმოგდებულია სტენდი და აყირავებულია მაგიდები.
_ პოლიცია იყო მოსული, ექსპერტიზაც ჩატარდა. სხვა ნივთებისთვის ხელი არ უხლიათ.
როგორც უბანზე კომისიის წევრებმა გვითხრეს, პოლიციას კომისიის თავმჯდომარემ დაურეკა. მათივე თქმით, ექსპერტიზამ თავისი საქმე დაასრულა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ 187 მუხლის 1 ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.