ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლმა რამდენიმე წუთის წინ, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ქავერის ფოტო შეცვალა.
ფოტო კონკრეტული ღონისძიების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალს ასახავს.
ფოტოზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორთან, შორენა კეკელიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი ანი შარაშენიძე და სოფელ ხევის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ ოსეფაიშვილია.
ფოტოს კონკრეტული მოწოდებები არ ახლავს, თუმცა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, იურისტების შეფასებით აგიტაციის ნიშნებს შეიცავს, რაც საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს ეკრძალებათ.
შორენა კეკელიძე ამბობს, რომ ფოტო გამიზნულად არ დაუყენებიათ:
_ ვარჩევდით რომელი ფოტო დაგვეყენებინა. დიდი ხანია არ შეგვიცვლია და ახლაც არჩევის პროცესში ვართ. ბატონ ზაურს სხვა დაჯილდოებებშიც კი აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მაგ მიზნით არ განგვითავსებია. რა პრობლემა გახდა? ნეტავ, მაგის მეტი კანონი არ ირღვეოდეს აქ!, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შორენა კეკელიძემ, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ ფოტო დიდი ხნის გამოქვეყნებული არ იყო, თუმცა, 20 წუთზე მეტია ფოტო მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის გვერდზეა განთავსებული.
ჩვენს კითხვაზე, კიდევ რა კანონი ირღვევა, კეკელიძემ არ გვიპასუხა.
_ კარგით რა, მართლა რა არის. ფოტოს ვარჩევდით, რა მოხდა ასეთი, _ გვითხრა კეკელიძემ.
ფოტოზე მარჯვნიდან პირველი ზაურ ოსეფაიშვილი