პროექტის _ “ქალი ამომრჩევლების საჭიროებების გამოვლენა და ამ საჭიროების საარჩევნო პროგრამებისა და დებატებში ასახვა, ქალი ამომრჩევლების სეგმენტის ფორმირების ხელშეწყობა”, ფარგლებში, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები და პარტიული სიებით დეპუტატობის კანდიდატები.
პროექტი “ქალების ხმა თვითმმართველობაში“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში _ ძიმითში, დაბა ნასაკირალში, დვაბზუში, დაბა ლაითურში, ნარუჯაში, ანასეულსა და ლიხაურში ხორციელდება.
შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გახდეს ქალების ცხოვრება თითოეულ სოფელში უკეთესი, საარჩევნო სუბიექტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
როგორც შეხვედრაზე ქეთევან ხიდაშელმა თქვა, 2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პოლიტიკურმა სუბიექტებმა, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ქალი ამომრჩევლის ხმა დაკარგეს. მისივე თქმით, პარტიები არ უთმობენ საკმარის დროს ქალი ამომრჩევლის პრობლემების ღრმა შესწავლას.
სოფლად მცხოვრები ქალების სპეციფიკური საჭიროებებია: საკვების წარმოება, წყლის მომარაგება, გათბობა, ფერმერული საქმიანობა, საქონლის მოვლა და რძის პროდუქტების დამუშავება; ყოველდღიური საქმიანობა _ კვება, რეცხვა, დასუფთავება-დალაგება და ასევე, თბილ წყალზე ხელმისაწვდომობა.
“ჩამოთვლილ საქმიანობას არ აქვს ეკონომიკური ღირებულება, რაც აუფასურებს ქალის შრომას და რაც უფრო ურთულდებათ მათ ამ საქმიანობის შესრულება, მით უფრო მეტად ხდებიან ისინი ოჯახს მიჯაჭვულები და ვერ ახერხებენ საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობას. ამიტომ ვინც იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, მთავარია, დაინახონ ამომრჩეველი ქალების საჭიროებები და იზრუნონ მათ გადაწყვეტაზე“, _ განაცხადეს შეხვედრაზე.