“ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე ოზურგეთის მოსახლეობას მიმართავს:
ჩემო ოზურგეთელებო!
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქსა და ყველა სოფელში მოსახლეობას უკვე შევხვდი, დამეთანხმებით, შეუძლებელი იყო, თითოეულ ოჯახთან ცალ-ცალკე მესაუბრა. ამიტომაც გადავწყვიტე, ამ პატარა წერილით მოგმართოთ.
უკვე დასასრულს მიუახლოვდა წინასაარჩევნო კამპანია და მინდა ყველა ჩემს მხარდამჭერს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ამ კამპანიის ღირსეულად ჩატარებისთვის. ჩვენ ღირსეული ადამიანები ვართ და კარგად ვიცით ღირსების ფასი. ამიტომაც მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე არცერთი ოპონენტისთვის არ მიგვიყენებია არანაირი შეურაცხყოფა, არ გამოგვიგონებია არანაირი ჭორი. მაშინ როცა ზოგიერთ ჩემს ოპონენტს მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ ჩემს ლანძღვაზე, ათასგვარი ჭორის გავრცელებასა და ცილისწამებაზე ჰქონდა აგებული.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, მსგავს პიროვნებებს ოზურგეთი არასოდეს მიიღებს (არც არასდროს მიუღია) ჩვენ კი 21 ოქტომბერს ღირსეულ გამარჯვებას მივულოცავთ ერთმანეთს. ვერანაირი ჭორი და ცილისწამება ვერ გადაფარავს ჩემი და ჩემი თანაგუნდელების იმ სამწლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგებს, რომელიც სახეზეა და თქვენზე უკეთ ამას ვერავინ ხედავს.
მეც თქვენნაირი, ერთი შრომისმოყვარე ადამიანი გახლავართ. სწორედ ამიტომ მადლიერებითა და სიამაყით მევსება გული, როცა სწორედ თქვენგან ვისმენ, რომ ის, რისი გაკეთებაც შეძლო ბეგლარ სიორიძემ ბოლო სამ წელში, მსგავსი რამ ოზურგეთს არ ახსოვს. თქვენი ასეთი შეფასება ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია და გაასმაგებულ პასუხისმგებლობას მაკისრებს.
მე არ შემიძლია ადამიანებთან ყალბი ღიმილით საუბარი. ასევე, არ შემიძლია გავცე ტყუილი დაპირებები. ბევრი თქვენგანი მიცნობთ და კარგად იცით, ბეგლარ სიორიძე არასდროს არავის ჰპირდება იმას, რასაც ვერ შეასრულებს. ასეთი იყო ჩემი მიდგომა განვლილი სამი წლის განმავლობაშიც, როცა მე ქალაქ ოზურგეთის მერი გახლდით.
ვფიქრობ, შედეგი აშკარაა. ამას კი თქვენ ყველაზე კარგად ხედავთ და აფასებთ. ამ ხნის მანძილზე, ოზურგეთი ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ნამდვილად ემსგავსება ისეთ ქალაქს, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვიამაყებთ.
დარწმუნებული ვარ, არ გაგიჭირდებათ ანალიზის გაკეთება, თუ რის გაკეთებას შევძლებთ მომდევნო ოთხ წელიწადში, გამომდინარე იქიდან, თუ რის გაკეთებაც მოვახერხეთ ბოლო სამ წელში.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა სოფელს დაუბრუნდება ის ღირსება, რომელითაც ასე ამაყობდა ყველა ოზურგეთელი. უახლოეს მომავალში ყველა სოფლის ცენტრალური გზა და ქალაქის ყველა ქუჩა მოასფალტდება. ყველა სოფელი იქნება გაზიფიცირებული და ყოველგვარი გრაფიკის გარეშე მიიღებს სასმელ წყალს.
დიახ, ჩვენ ამას შევძლებთ. სხვა შემთხვევაში არ დაგპირდებით. ამ ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად განვახორციელებთ ბევრ სხვა მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე აისახება.
წინასწარ უღრმესი მადლობა თქვენ და თქვენს ოჯახს მხარდაჭერისთვის. გჯეროდეთ, ჩვენ დღედაღამ ვიშრომებთ იმისთვის, რომ ყველა დაპირება შევასრულოთ.