ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის გოგოლესუბნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ელზა სიხარულიძეს საყვედური გამოუცხადეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ ერთხმად მიიღეს.
საყვედურის გამოცხადების მიზეზი “პარლამენტართა საზოგადოების” დამკვირვებლის, ფიქრია მამარდაშვილის მიერ ოლქში შეტანილი საჩივარი და ვიდეოკადრები გახდა, რომელზეც გარკვევით ჩანს, რომ ხმის დათვლის პროცესში დამკვირვებელია ჩართული:
_ დამკვირვებელს _ ამ შემთხვევაში მიხო ბერძენიშვილს არ ჰქონდა უფლება ხმის დათვლაში მიეღო მონაწილეობა. თქვენ ვერ შეძელით დაგეცვათ წესრიგი. შეგეძლოთ მიგეთითებინათ ბერძენიშვილისთვის, რომელიც წლების წინ თავად იყო კომისიის თავმჯდომარე არ მიეღო მონაწილეობა ბიულეტენების დათვლაში. ამიტომაც გიცხადებთ საყვედურს, _ უთხრა სიხარულიძეს საოლქო კომიიის თავმჯდომარემ თემურ კუტუბიძემ.
მისივე თქმით, მამარდაშვილის საჩივრის ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ “დაისაჯოს ბერძენიშვილი” ვერ დაკმაყოფილდება, რადგან კომისიას დამკვირვებლის დასჯის უფლებამოსილება არ გააჩნია.
მამარდაშვილი ამბობს, რომ ის სიხარულიძისთვის საყვედურის გამოცხადება საკმარისი არ არის:
_ გარდა იმისა, რომ ბერძენიშვილი ბიულეტენებს ითვლიდა, იქვე იდო კალამი, რაც კანონით აკრძალულია. მე ვითხოვ უბნის ბათილად ცნობას, რადგან გოგოლესუბანში არცევნები გაყალბდა მიხო ბერძენიშვილის მიერ. თქვენს ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, შევხვდებით სასამართლოში, _ მიმართა კუტუბიძეს მამარდაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კომისიის დღევანდელ სხოდმაზე მამარდაშვილის მიერ შეტანილი კიდევ 4 საჩივარი განიხილეს, თუმცა, არცერთი მათგანი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილეს.
საოლქო კომისიაში მიმდინარე სხდომა “გურია ნიუსის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.