საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,9 პროცენტი შეადგინა.
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0,39 პროცენტული პუნქტით. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9,5 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,6 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1,2 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (0,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-9,2 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც 0,12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.
ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (1,9 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,4 პროცენტი).
წლიური ინფლაციის დონე 6.9% ბოლო 12 თვეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და მხოლოდ ივნისის მაჩვენებელს (7.1%) ჩამორჩება.