ტერორიზმის საქმეზე დაკავებული რუსლან ალდამოვი დუმილს არღვევს – ერთ-ერთმა მთავარმა ბრალდებულმა ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს სკანდალური ინფორმაცია გაუმხილა. ალდამოვი ამბობს, რომ სპეცრაზმმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლა და რეალურად, მისი ლიკვიდაცია უნდოდათ.
„მითხრა, რომ აქვს ეჭვი, გამიზნულად, არა გამიზნულად არ ვიცი, მაგრამ იყო დაგეგმილი მისი ლიკვიდაცია და მისი პიროვნება შეეშალათ თემირლან მაჩალიკაშვილის პიროვნებაში,“ – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
რუსლან ალდამოვი დღეს ციხეში იმ საუბრებს იხსენებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს მასთან ჰქონდათ.
„იხსენებს ერთ მნიშვნელოვან ფრაგმენტს, როდესაც მოხდა მისი დაკავება. შეგახსენებთ, იგი თავისი ნებით ჩაბარდა, დაწვა იატაკზე, ხელი აწია და შემდგომ, როდესაც გაყავდათ ოთახიდან, მოხდა მასზე დაკვირვება არა ერთხელ და ასეთი უცნაური კითხვაც, თუ რა ერქვა მას, თუ შეეძლო განემარტა მისი სახელი და გვარი, რაზეც მისი გაოცება გამოიწვია, რატომ უსვამდნენ ამ კითხვას. თუ თქვენ არ იცით ჩემი სახელი და გვარი, შესაბამისად, როგორ მოხვედით ჩემს საცხოვრებელ სახლში და მოახდინეთ ჩემი დაკავება ჩემი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით,“ – აცხადებს კუბლაშვილი.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩატაევთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და ამის მტკიცებულებაც არ არსებობს.
„არანაირი კავშირი, პირდაპირ გეტყვით, რომ არანაირი კავშირი, არა თუ რუსლან ალდამოვის ჩატაევთან რაიმე ურთიერთობის, არამედ არანაირი დასტური, მტკიცებულება და ფაქტი იმისა, რომ რუსლან ალდამოვმა იცოდა, რომ არსებული ჩეჩენი ეროვნების ადამიანები, რომლებიც ლიკვიდირებული იქნენ, ეს ადამიანები დაკავშირებული იყვნენ აჰმედ ჩატაევთან, არც ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული,“ – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მარიამ კუბლაშვილი ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილსა და დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში კიდევ ერთი ექსპერტიზის ჩასატარებლად ხვალ ჩავლენ.
კუბლაშვილის თქმით, ბალისტიკურ ექსპერტიზას ის არ ენდობა და ყველა დეტალის ხელახლა გადასინჯვას გეგმავს. კუბლაშვილის თქმით, ყველა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება განადგურებულია.
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული რუსლან ალდამოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად, უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათი საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას.