საქართველოს ყველაზე უხუცესი ქალბატონი _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში მცხოვრები ზერიფე ანთაძე, პირადობის მოწმობის მიხედვით 115 წლისაა, თუმცა, როგორც თავად ამბობს 117 წელი შეუსრულდა.
_ დაბადებიდან 2 წლის შემდეგ ამიღეს მოწმობა. სინამდვილეში 117 წელი დეკემბერში შევასრულე, _ ამბობს ქალბატონი ზერიფე, რომელიც დაზუსტებული ინფორმაციით, ქვეყნის უხუცესი ქალბატონია.
მისი შთამომავლობა მრავალრიცხოვანია. ორი შვილის “ნაგრამი” _ შვილიშვილების და შვილიშვილის შვილიშვილების რაოდენობა 55-ს აღწევს. ზერიფე ბებოს ყველა მათგანის სახელი ახსოვს და მასთან მისულებს შოკოლადებითაც უმასპინძლდება.
მიუხედავად ასაკისა, აქვს კარგი მხედველობა და შესანიშნავი მახსოვრობა _ თავისი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტი კარგად ახსოვს.
ჯანმრთელობის პრობლემები ნაკლებად აწუხებს, თუმცა, წუხს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ ახსენდება და მის ამბავს არავინ კითხულობს.
_ არავინ აქცევს ყურადღებას და ამას განიცდის. აინტერესებს, რატომ არ ახსოვს ხელისუფლებას, რატომ არავინ კითხულობს მის ამბავს _ რა უჭირს, რა ულხინს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მისი შვილთაშვილი ჯიმშერ ანთაძე.
მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებიდან ზერიფე ბებოს ამბავი მხოლოდ 2 წლის წინ, მაშინ მოიკითხეს, როცა მათ “გურია ნიუსი” სტუმრობდა და ქვეყნის უხუცესი ქალბატონის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა:
_ მას შემდეგ არავინ გამოჩენილა. არც სოფლის გამგებელი, არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, _ ამბობს ჯიმშერ ანთაძე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უხუცესი ადამიანები ბიუჯეტიდან ყოველ წელს ერთჯერადად 300-300 ლარს იღებენ. მერის თქმით, გასულ წელს აღნიშნული თანხა სამმა ქალბატონმა მიიღო და მათ შორის ზერიფე ანთაძემაც.
კუჭავას თქმით, მუნიციპალიტეტის და ქვეყნის უხუცესი ქალბატონი ფულად საჩუქარს წელსაც მიიღებს.