ტბა მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე, ტანზანიის ჩრდილოეთ ნაწილში. სახელწოდება ტბამ მიიღო მინერალ ნატრონის -ნატრიუმის კარბონატის დასახელებისაგან, რომელიც ტბაში ძალიან დიდი რაოდენობითაა. სწორედ ამ მინერალის დამსახურებაა, რომ ტბა არაჩვეულებრივად ლამაზია, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ სახიფათოც.
დროგამოშვებით ეს ტბა ისე გამოყურება, როგორც დედამიწაზე მდებარე სხვა ჩვეულებრივი ტბები.
მაგრამ, როდესაც წყლის აორთქლება ტბაში ნატრონის რაოდენობის მკვეთრ მომატებას იწვევს, მაშინ აქტივიზირდება ბაქტერიების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც ტბას სისხლივით წითელ შეფერილობას აძლევენ.
ტბაში ძალიან ცოტა ცოცხალი არსებაა, მათ შორის გამოირჩევა თევზი “ტუტოვანი თელაპია”. გარდა თევზისა, აქ ბინადრობს ფლამინგოს ერთ-ერთ სახეობა, რომლის გამრავლებისათვის ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია.
ტბის წყალი გულმოდგინედ იცავს ფლამინგოებს მტაცებლებისაგან შეუღლების პერიოდის დროს, ამიტომ ამ ადგილზე მილიონობით ფრინველი მოფრინავს ბუდის გასაკეთებლად, თუმცა ესეც არანაკლებ სახიფათოა: ფლამინგოები ბუდეებს მარილის პატარა კუნძულებზე იკეთებენ, რომლებითაც გარშემორტყმულია ტბის სახიფათო წყლები.
ტბის ტუტიანობა მაქსიმალურ ზღვარს აღწევს ზაფხულში, ხოლო წყლის ტემპერატურა ამ დროს 60 გრადუსამდე იზრდება ხოლმე, ამიტომ ფრინველები, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდებიან წყალში, მყისიერად იღუპებიან, ხოლო მათი სხეულები იფარება მინერალებით და ქვავდება, გადაიქცევიან რა ქვის მუმიებად.