მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა და ბოტანიკოსმა ჯოზეფ არნოლდმა ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მოგზაურობისას, აღმოაჩინა ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში. მას შემდე ჯერაც არავის აღმოუჩენია მასზე დიდი ყვავილი. ამ საოცრებას რაფლეზია ქვია.
რაფლეზიის უამრავი სახეობა არსებობს და ყველა მათგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჯუნგლებში ხარობს. ამ „მრავალშვილიანი“ ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადენელი არის რაფლეზია არნოლდი, რომელსაც სახელი ჯოზეფ არნოლდისა და მისი ექსპედიციის პარტნიორის თომას სტემფორდ რაფლესის საპატივცემულოდ ეწოდა. სხვათა შორის, თომას რაფლესი სინგაპურის დამაარსებელი და მმართველია.
რაც შეეხება თავად ამ საოცრება ყვავილის ზომებს: მისი დიამეტრი ერთ მეტრამდე აღწევს, ხოლო წონა – 11 კილოგრამია. აქვს ხუთი მოვარდისფრო-მოყავისფრო ხორციანი ფურცელი და არის მეჭეჭისმაგვარად დაწინწკლული. ყვავილის შუაგული იმდენად დიდია, რომ ქოთანს წააგავს და მასში 6 ლიტრი წყალი თავისუფლად მოთავსდება.
რაფლეზიას ღერო, ფოთლები და ფესვები არ აქვს. იგი ერთგვარი პარაზიტი მცენარეა, რადგანაც ზედ ვაზის ფესვზე ამოდის. რაფლეზიის თესლი პირდაპირ მასპინძელი ვაზის ფესვზე ღვივის და იზრდება დაახლოებით 10 თვის განმავლობაში. შემდეგ იღებს კომბოსტოს ფორმას და იწყება რამდენიმე საათიანი პროცესი – ყვავილი უზარმაზარ ფურცლებს შლის და საბოლოო დიდებასაც მაშინ აღწევს.
რაფლეზია არნოლდი გადაშენების პირას მყოფი იშვიათი მცენარეა. როგორც წესი, მამრი და მდედრი ყვავილები ერთად უნდა იზრდებოდეს, რათა მოხდეს მათი ჯვარედინად დამტვერვა. სამწუხაროდ, ადამიანების წყალობით, კვირტების უმრავლესობა ვერ ასწრებს ზრდასა და ყვავილობას. ამის გამო რაფლეზია სულ უფრო უშვიათი სანახავია ბუნებაში. მისი მასიურად გადაშენება გარკვეულ საფრთხეს უქმნის ნოტიო ტროპიკულ ტყეებსაც.