დღეიდან ოზურგეთში ოფიციალურად დაიწყეს ერთი კილოგრამი დამპალი, „შავი თხილის“ მიღება, რომელშიც 20 თეთრს გიხდიან, თუმცა, ამ გადახდას ულტიმატუმიც ახლავს _ „გავტეხთ და შიგ აუცილებლად უნდა იყოს დამპალი თხილის გული, თუ ფუტუროა, უკან წაიღებთ“, _ ამბობენ მიმღები პუნქტების წარმომადგენლები.
კითხვაზე, რატომ არ შეიძლება „ფუტურო“ თხილის მიღება, რომელიც გარედან ოქროსფრად ბზინავს (მაგალითად „ლედის თითებად“ წოდებული გრძელი ფორმის თხილი), პასუხად ამბობენ, რომ თხილის ნაჭუჭს იქეთ მოგცემთ მუქთად, მასეთში 20 თეთრს ვერ გადაგიხდითო…
მოკლედ, გურულ მოსახლეობას, რომლებსაც ჯერ კიდევ ტონობით უვარგისი თხილი პლანტაციებში უყრია და ფიქრობდნენ, შევაგროვებთ, 20 თეთრად მაინც ჩავაბარებთ და შინ ორიოდე პურს მაინც წავიღებთო, ესეც ნატვრად დარჩათ.
_ ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, სათხილეში გაშავებული თხილი ვეძებოთ, თან უნდა ვიმკითხაოთ, შიგ დამპალი გული იქნება თუ არა. ვაი, ჩვენს პატრონს, _ გაიგონებთ ოზურგეთის მიმღები პუნქტებიდან ლასლასით მომავალი ადამიანებისგან.