ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში მცხოვრები ია ლომინაშვილი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ამავე სოფელში დევნასა და შევიწროებაში ადანაშაულებს.
ია ლომინაშვილის თქმით, ბელა შათირიშვილი და მისი ოჯახი, წლებია, უპირისპირდება და მათი ძალისხმევის შედეგად, წელს საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩასვეს:
_ წლების მანძილზე კომისიის წევრი ვიყავი, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. არასდროს ვყოფილვარ მათი მომხრე და ეს ყველამ კარგად იცოდა. ისიც იცოდნენ, რომ არასოდეს დავთანხმდებოდი არჩევნების გაყალბებას, მიუხედავად ბევრი შემოთავაზებისა.
2012 წელსაც კომისიაში ვიყავი. მაშინ ბელა შათირიშვილის მამა და მეუღლე “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერდნენ მხარს. მთხოვეს, რომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა მიმეღო _ როგორც ყოველთვის, უარი მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა, ასეთ რამეს არ დავთანხმებულვარ.
მერე ხელისუფლება შეიცვალა და ის ადამიანები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, “ქართულ ოცნებაში” გადავიდნენ _ ბელა შათირიშვილი ჩვენი სოფლის რწმუნებული გახდა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მე მათზე ბევრ ინფორმაციას ვფლობდი და ამიტომაც დამიპირისპირდნენ. წლების მანძილზე ცდილობდა ბელა შათირიშვილი, რომ კომისიის წევრი არ ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ მოახერხა და შეძლო ახლა, როცა ჩოხატაურში საარჩევნო შტაბს მერი, ირაკლი კუჭავა ჩაუდგა სათავეში, _ ყვება ქალბატონი ია.
მისივე თქმით, მისთვის კომისიაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო:
_ ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა “ნაციონალებს” არ დავეხმარე, სოციალური დახმარება მომიხსნეს. მას შემდეგ არც მქონია. ჩემს ოჯახს ძალიან უჭირს. საარჩევნოდ, კომისიაში ყოფნის დროს აღებული ხელფასი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და გამონაკლისი არც წლევანდელი წელი ყოფილა _ 200 ლარს ველოდებოდი, მაგრამ ამის გარეშე დამტოვეს. ბელა შათირიშვილმა მოახერხა და “ლუკმა გამომაცალა პირიდან”.
ყველაფერი ვუამბე ჩოხატაურის მერს, რომელიც, როგორც პარტიის, ასევე, შტაბის თავმჯდომარეა. ირაკლი კუჭავამ ამ ყველაფრის საპასუხოდ მითხრა, რომ კომისიაში ვერ ჩამსვამდა, თუმცა, მისი სარეზერვო ფონდიდან მომცემდა 200 ლარს. ამაზე უარი ვუთხარი _ მე მათხოვარი არ ვარ და მოწყალება არ მჭირდება. მინდოდა, რომ სამუშაო შემესრულებინა და ისე ამეღო ანაზღაურება, _ ამბობს ია ლომინაშვილი.
ჩვენი რესპონდენტის ეჭვობს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ სოფლის რწმუნებულზე და მის გარემოცვაზე ინფორმაციებს ფლობს:
_ მათ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი. ისიც იცოდნენ, რომ გაყალბებას არ დავუშვებდი, უკანონოს არაფერს გავაკეთებდი და თავიდან მომიცილეს.
_ ქალბატონო ია, ფიქრობთ, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას გეგმავს?
_ არ ვიცი, რას აპირებენ, მაგრამ ის ვიცი, რომ არ უნდოდათ მე ვყოფილიყავი კომისიაში, რადგან აქვთ გამოცდილება იმისა, რომ უკანონობას ვერ გამაკეთებინებენ. სხვათა შორის, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა გაიგეს, რაც მოხდა, დამირეკეს და მათთან გადასვლა შემომთავაზეს. უარი ვუთხარი. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ნავში გადამჯდარი გამგებლის წარმომადგენლის დამსახურებით, რომელიც გამარჯობასაც კი არ მეუბნება, ვერ მოვხვდი კომისიაში, ასეთ რამეს არ ვიზამ _ მე მათ არ ვგავარ, რომ გავბრაზდე და სხვაგან წავიდე. მართალია, ძალიან მაწყენინეს, ჩემი შრომა, თავდადება და გამოცდილება არ დააფასეს, მაგრამ იმას არ ვიზამ, რომ სხვებს დავეხმარო და ისევ ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, _ აღნიშნა ლომინაშვილმა.
ია ლომინაშვილის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს მერის წარმომადგენელი ამაღლების თემში ბელა შათირიშვილი:
_ მამაჩემი და ჩემი მეუღლე ია ლომინაშვილს რას ეუბნებოდა, მე არ ვიცი და არც იქნება მართალი ეს ინფორმაცია. თუმცა, ქალბატონ იას ის რატომ ავიწყდება, ყველა ტიპის დახმარებაზე _ ეს იყო ერთჯერადი, მედიკამენტის თუ სამშენებლო, რომ ყველგან რეკომენდაცია გავუწიე? მან არ იცის, რომ ჩემ გარეშე ეგ არ გაკეთდებოდა? ის დაავიწყდა, რომ საქსტატის გამოკითხვის დროს ყველაფერში ვეხმარებოდი? მისი შვილი რომ არასდროს დამიტოვებია ქუჩაში ფეხით, ეს დაავიწყდა? რას ეძახის დაპირისპირებას? ყველა ბრალდებას უარვყოფ. აბსურდია იმის თქმა, რომ რომელიმე კომისიის წევრის დანიშვნა-არდანიშვნაში ჩავერიე. ვერავინ იტყვის, რომ რაიმე სახით შეხება მქონდა არჩევნებთან _ საარჩევნო უბანთანაც კი არ მივდივარ ახლოს, რამე რომ არ თქვან.
ქალბატონი ია, საკმაოდ რთული პიროვნება. უბრალოდ, მისი მეუღლე ჩემი მოგვარეა, დიდ პატივს ვცემ მათ და ბევრ რამეს არ ვიტყვი იმის გამო, რომ მე გვარს და სისხლს დიდ პატივს ვცემ. ის არაადეკვატური ადამიანია. მე რატომ არ მეუბნება პირადად მასეთ რამეს? იცის, რომ მართალი არ არის და არც ერთ სიტყვას არ შევარჩენ. ძალიან სამწუხაროა მისგან ეს ბრალდებები. კაცი რომ იყოს, გავცემდი საკადრის პასუხს, მაგრამ ქალია და ყველაფერს არ ვიტყვი, _ ამბობს შათირიშვილი.
ლომინაშვილთან შეხვედრას ადასტურებს ჩოხატაურის მერი, “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კუჭავა. მისი თქმით, ქალბატონ იას, როგორც მერი, ისე შეხვდა და არა როგორც შტაბის ხელმძღვანელი:
_ შემხვდა, როგორც მერს და შევთავაზე დახმარება იმ საშუალებით, რაც მქონდა, არა არჩევნების გამო. მითხრა, რომ მეუღლე ჰყავდა ავად. ვუთხარი, ყველა სახის დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ გავუწევდით დახმარებას, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ, რომლის თქმით, ლომინაშვილის მიმართ არანაირ დევნას და შევიწროებას ადგილი არ აქვს.