დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე სკანდალურ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს “პრაიმტაიმთან” საუბრისას აკეთებს და ამბობს, რომ მირზა სუბელიანთან შეხვედრა მისივე ინიციატივით შედგა.
“დიდი დანაშაულია ასეთი ფარული ჩაწერა. მეც არ მახსოვს, ზუსტად რა ვილაპარაკეთ. კაცი სამარტოო საკანშია, არასერიოზულად ლაპარაკობს. მაგას რომ კითხო, ვითომ ეგ ყოფილა ყველაფერი.
ეს შეხვედრა მისი თხოვნით შედგა, ოჯახმა ცალკე მთხოვა, თვითონ ცალკე მთხოვა. მირზა სუბელიანს 50 კაციანი დაჯგუფება ჰყავდაო? კარგით რა, არასერიოზულია. მე პირადად სერიოზულად არ ჩამითლია მისი საუბარი. დღეს ეს ჩანაწერები გამოაგდეს წინასაარჩევნოდ“, – ამბობს “პრაიმტაიმთან” საუბრისას ვიქტორ ჯაფარიძე.
მისივე თქმით, მესამე პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს (დევნილთა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ყოფილი მაღალჩინოსანი) საკანში მასთან ერთად არ შესულა.
“მასაც პაემანი ჰქონია დანიშნული და მე რომ ვიყავი შესული, მერე მოვიდა”, – ამბობს ჯაფარიძე.