სოციალურ მედიაში ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, წიწაკის გამოწვევა BBC-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც მაუწყებელი წერს, გამოწვევის ინიციატორი გავლენიანი ოპოზიციური ტელეკომპანიის, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაა. „თუ ეს მოღალატე გახდება პრეზიდენტი, ჩვენს ქვეყანას იგივე ელის“,_ეს განცხადება გვარამიამ გამოწვევის დაწყებისას გააკეთა და წიწაკის შეჭმის შემდეგ აღნიშნა „ჩემს პირში ახლა კატასტროფა ხდება“.
მაუწყებლის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და კარიერით დიპლომატია. ის პრეზიდენტობისთვის იბრძვის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ მას მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს, რომლის ლიდერიც მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილია. ის საქართველოში საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებად მიიჩნევა. „როგორც ფემინისტი ვემხრობი, მაგრამ არ შემიძლია ჩემი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მხარდაჭერა“,_ამბობს 22 წლის სტუდენტი, ნოდარ რუხაძე BBC-ისთან.
ნოდარი ერთ-ერთია, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსეთთან ომთან დაკავშირებით აპროტესტებს. როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ 2008 წელს პირველმა დაიწყო ომი. ევროკავშირის მიერ 2009 წელს წარმოებული ანგარიში ამ ბრალდებას მხარს უჭერს, თუმცა, საქართველოში, რომელმაც ომი წააგო და ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ზე მეტი დაკარგა საერთაშორისოდ აღიარებული მისი ტერიტორიებისა, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, სადავოა ვინ დაიწყო ომი. „ის არ არის სამეცნიერო კონფერენციაზე, ის პოლიტიკაშია და პოლიტიკაში ხალხს აქვს საკუთარი რწმენა, იდეოლოგია. როდესაც ამ დინების საწინააღმდეგოდ წავიდა, ბევრმა მიიჩნია პრო რუსულ კანდიდატად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არ აქვს პირდაპირი კავშირი რუსეთთან, ამბობს იმას, რისი მოსმენაც მოსკოვს სურს“,_ამბობს კაკაჩია.
საქართველოში ძალიან გავრცელებულია ოპონენტების კრემლის მომხრეობაში დადანაშაულება. ზურაბიშვილის მთავარი ოპოზიციური კონკურენტის, დასავლეთის მომხრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე ვანდალიზმი გახორციელდა და კგბ დააწერეს. „ეს არის ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო პოლიტიკის შედეგი საქართველოში“,_ამბობს კაკაჩია. „ყველაფერი ცუდი რუსეთთან ასოცირდება, ყველამ იცის რომ ეს არის ის, რაზეც ქართველები რეაგირებენ“. ქართული საზოგადოება უკვე შეირყა ბოლო ბრალდებებით, რაც მაღალი დონის კორუფციასა და მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევას ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, ბოლოდროინდელ სატელევიზიო ინტერვიუში უარყო ბრალდებები და „რუსთავი 2“ სიცრიუსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. როგორც მან აღნიშნა, მისი იდეა იყო სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგენა, რადგან სახელმწიფო დაწესებულებების გაძლიერებას უპარტიო კანდიდატი დაეხმარება. მაუწყებლის ინფორმაციით, პრეზიდენტის უფლებამოსილება საქართველოში იზღუდება, მაგრამ არჩევნების შედეგი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, არსებული მთავრობისადმი ნდობას ნიშნავს.