“მე არ ვაპირებ მივცე ხმა მეორე ტურში გასულ რომელიმე კანდიდატს” _ წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე და მისი გადაწყვეტილების მიზეზებსაც განმარტავს:
1. ჩემი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გავიდა, თუმცა, ამის მოლოდინი არც მქონდა.
2. არც ვაშაძეს და არც ზურაბიშვილს ხმას არცერთ სიტუაციაში არ მივცემ, რადგან არცერთი არ შეესაბამება ჩემ პოლიტიკურ შეხედულებებსა და ფასეულობებს.
3. მე არ ვეხები მათ პიროვნებას. იარლიყების მიწებება ჩემი სტილი არ არის. მთავარი ისაა, რომ ორივე მათგანი საკუთარი ავტორიტეტის მქონე პოლიტიკური ფიგურა კი არ არის, არამედ ვიღაც სხვისი წარმომადგენელია. ორივე შემთხვევაში ეს ვიღაც „სხვა“ ავტოკრატია, რომლის მთავარი მიზანი პიროვნული ძალაუფლების მოპოვება ან/და შენარჩუნებაა და არა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვა.
4. რომელი რომელს სჯობს, ეს ჩემი განსასჯელი არ არის. ამაზე ორთოდოქსმა ნაცებმა და ქოცებმა იდავონ. მე ვერ გავხდები რომელიმე მათგანის მძევალი და არ დავყვები მათ პრიმიტიულ ლოგიკას, რომ თუ „მოღალატეს“ მისცემ ხმას, შენც მოღალატე იქნები, ხოლო თუ ვაშაძეს მისცემ ხმას, ამით სისხლში გაისვრები, რადგან სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას მიეცი ხმა. სწორედ ასეთი მიდგომაა ფაშიზმიც, ბოლშევიზმიც და ყოველივე სხვა უბედურება, რადგან არცერთი არ იგუებს განსხვავებულ პოზიციას.
5. მე ვთვლი, რომ საჭიროა რაღაც ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც სახლში დარჩენილი ხალხის ინტერესის გამომხატველი იქნება. პირველ ტურში არგამოცხადებული 55%-დან 20% მაინც ხომ არის ისეთი, რომელიც სიამოვნებით წავიდოდა არჩევნებზე, მისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატი რომ ჰყოლოდა?
6. ამასთანავე, მე მაქვს არჩევანი, როგორ მოვიქცე ასეთ სიტუაციაში: ან არ უნდა წავიდე არჩევნებზე, ან უნდა წავიდე და გადავხაზო ორივე კანდიდატი. ამ ორი შესაძლებლობიდან, მე პირადად, ვირჩევ მეორეს. ვიცი, რომ ჩემი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდება, მაგრამ არა უშავს. გამარჯვებული კანდიდატის ლეგიტიმაცია ამ ერთი მიუცემელი ხმით მაინც შემცირდება. სხვას შეუძლია აირჩიოს მეორე ვარიანტი და დარჩეს სახლში.
ამდენად, ვისაც არ გაქვთ პოზიტიური არჩევანი, ნუ გახდებით რომელიმე მხარის უკიდურესად აგრესიული ნეგატიური კამპანიის მსხვერპლი და ნუ განამტკიცებთ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ თქვენთვის მიუღებელი კანდიდატის ლეგიტიმაციას. დარჩით სახლში ან წადით და გადახაზეთ ორივე კანდიდატი” _ წერს ბარამიძე.