საქართველოს მომავალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა.
ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტად პირველად იგრძნო თავი. მისივე თქმით, მომავალი პრეზიდენტის მთავარი ამოცანა საზოგადოების დამშვიდება და ახალ ყაიდაზე გადაყვანა იქნება.
„ამ დილით პირველმა პატრიარქმა მომილოცა გამარჯვება და მთხოვა, რომ მასთან მივსულიყავი, სადაც სინოდიც იყო შეკრებილი, რაც იყო პირველი ნამდვილი ნიშანი იმისა, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი.
დღეს, პირადად პირველად ვიგრძენი თავი საქართველოს პრეზიდენტად, ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პატრიარქთან, რამეთუ ჩვენი ხედვები ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა.
ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყნისა და საზოგადოების დამშვიდება, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ურთიერთობის დამყარდება, რომელიც არ იქნება დაფუძნებული გადატრიალებაზე და ძალადობაზე. საქართველომ აირჩია ევროპა, საიდანაც მოვდივარ. ჩემი მთავარი გეგმაა, როგორ დავამშვიდო საზოგადოება და როგორ გადავიყვანო ის ახალ ყაიდაზე“,_ აღნიშნა ზურაბიშვილმა.