„ქვეყნის ინტერესებს ძალიან წაადგება, თუკი ქალბატონი სალომე საკუთარი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად თანმიმდევრულად იმუშავებს“, _ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა ირაკლი მენაღარიშვილმა გააკეთა.
როგორც მენაღარიშვილი აღნიშნავს, საგარეო მიმართულებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეხედულებები საკმაოდ საინტერესოა. ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილის დახმარებით, საქართველო საგარეო პოლიტიკა შედარებით ეფექტური გახდება.
„საკმაოდ საინტერესოა სალომე ზურაბიშვილის BBC–სთვის მიცემული ინტერვიუ. ქვეყნის ინტერესებს ძალიან წაადგება, თუკი ქალბატონი სალომე საკუთარი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად თანმიმდევრულად იმუშავებს.
რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ რუსეთის უმსგავსო საქციელის გამო, ჩვენ ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსს ვერ ვხედავთ, მხოლოდ მისასალმებელია. თუ დასავლეთი ოკუპანტ ქვეყანასთან დიალოგს დაიწყებს, ჩვენც მიზნად ვართ, დიალოგში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც აუცილებლად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უნდა ითვალისწინებდეს“, _ აღნიშნა მენაღარიშვილმა.
კითხვაზე_ მოახერხებს თუ არა საქართველო, სალომე ზურაბიშვილის დახმარებით, შედარებით ევროპული სახელმწიფო გახდეს?_ მენაღარიშვილი გვპასუხობს, რომ სალომე ზურაბიშვილს აღნიშნულის რესურსი გააჩნია.
„წინასწარ რაიმეს პროგნოზირება ძნელია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ქვეყანას წაადგება, თუკი მისი იდეები გახორციელდება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად მოხერხდება იმ უმძიმესი მემკვიდრეობის დაძლევა, რომელიც საქართველოში საარჩევნო პერიოდმა დატოვა. ეს არის საშინელი დაპირისპირებისა და ურთიერთსიძულვილის ატმოსფერო. სალომე ზურაბიშვილმა სწორედ ამ საზოგადოების გაერთიანებაც უნდა შეძლოს“,_ აღნიშნა მენაღარიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშცილი BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთთან ახალი ტიპის თანამშრომლობის წამოწყება, ჯერჯერობით, შეუძლებელია.