დავით სარალიძის მკვლელობიდან ერთი წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით მოზარდის ოჯახის წევრები და ახლობლები დავით სარალიძის საფლავზე შეიკრიბნენ.
„დღევანდელი დღე ძალიან მძიმე არის ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. დღეს ხელმეორედ მოკლეს ჩემი შვილი იქიდან გამომდინარე, რომ მის წლისთავზე კიდევ არ არის პასუხისგებაში მიცემული მისი მკვლელები და სამართალი არ არის აღდგენილი. თვითონაც ძალიან კარგად იციან რასაც ვაპირებ. დღეიდან აქტიურ ბრძოლაში ვებმევი. ხვალიდან უფრო სწორედ. პროკურატურა, შსს ყველაფერს მოვითხოვ დეტალურად გავეცნო ამ საქმის მასალებს, რაზეც თავად თვითონ ამ ბოლო ხანებში საერთოდ არ მაყენებდნენ საქმის კურსში,“ _ ამბობს ზაზა სარალიძე.
დავით სარალიძის ოჯახის წევრებისთვის მისასამძიმრებლად გლდანის სასაფლაოზე მივიდა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატიც. გრიგოლ ვაშაძის თქმით, სასტიკი მკვლელობიდან ერთი წლის თავზე მომხდართან დაკავშირებით არსებული კითხვები ამ დრომდე პასუხგაუცემელია და დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დასჯილან.
„სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა სამართალი იპოვონ. არ გამოვა ისე. მე გეუბნებით, მე იმ პარტიის წევრი არ ვიყავი, მაგრამ მთავრობის წევრი ვიყავი. არ გამოვა ეს. მორალურად თუ სამართლებრივად მაინც დაისჯებიან. არ გამოვა სხვანაირად,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევა პირველ დეკემბერს მოხდა. მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად ლევან დადუნაშვილი ადგილზე დაიღუპა, დავით სარალიძე კი მომდევნო დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.