„საქართველომ ჩაატარა არჩევნები და არანაირი კითხვის ნიშნები მის ლეგიტიმურად ცნობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ადამიანებს, რომლებიც თავის თავს, რატომღაც, ოპოზიციას უწოდებენ, ქვეყნის დამცირება, მოსპობა და განადგურება სურთ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი თანაგუნდელებს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, სისხლის სამართლის საქმე აღძრას.
„ქვეყნის მიმართ ყოფილი პრეზიდენტის მიდგომებს დაუკვირდით, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერ შედეგს არ ვცნობთ, ქვეყანა უნდა ავრიოთო. ვფიქრობ, სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი მუხლით უნდა აღიძრას საქმე დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობის გამო.
სააკაშვილი მოუწოდებს ჯარსაც. ჯერ რა უფლებით მოუწოდებს უპასპორტო და უსამშობლო აღრევისკენ, შემდეგ კი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას არ ვხედავ. ამ პარლამენტმა მუშაობა 2020 წლამდე უნდა დაამთავროს.
ამ პრიმიტიულებმა, ქვეყნის მოღალატეებმა, ვერაფერი მოუხერხეს ქართველ ხალხს. ვერ გადატეხეს წელში და ახლა ამ ჯიჯღინითა და მიტინგებით სურთ რაღაცის დამტკიცება. ან რას კივიან ან რას წივიან ხმაჩახლეწილი მამლაყინწებივით?! დგანან მიტინგზე და სიცრუის ტირაჟირებით თავიანთ მომხრეებსვე აყენებენ შეურაცხყოფას“, _ აღნიშნა პაპუაშვილმა.
ოპოზიციამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მოითხოვა. ოპოზიციამ აღნიშნულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად ვადა ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე მისცა.