გურული პოლიტიკოსები ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებენ.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ აღნიშნა, ყოფილი პრემიერის პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად დაბრუნება მმართველ პარტიას გააძლიერებს:
_ მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას, რადგან მიმაჩნია, რომ იგი ნამდვილად გააძლიერებს „ქართულ ოცნებას“, _ აღნიშნა დავით დარჩიამ.
დარჩიას ეთანხმება ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეც _ ბესიკ ტაბიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნებას უკვე მოჰყვა დადებითი შედეგი:
_ ძალიან კარგია, რომ დაბრუნდა. ვფიქრობ, ეს დადებითად აისახება ყველაზე, რაც უკვე ჩანს საზოგადოების რეაქციაში _ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, _ ამბობს ტაბიძე.
ყოფილი პრემიერის ახალ თანამდებობას პოზიტიურად აფასებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიც _ ალექსანდრე სარიშვილის თქმით, ღარიბაშვილი პარტიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის თქმით ირაკლი ღარიბაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია და მისი პოლიტიკაში დაბრუნება მმართველ გუნდს წაადგება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით ღარიბაშვილის დაბრუნება „ქართულ ოცნებას“ წაადგება:
„მე მიმუშავია მასთან, როგორც პრემიერ-მინისტრთან, ჩემი პირველი ვადის დროს და მიმაჩნია, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაბრუნება ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას წაადგება“, _ აღნიშნა კუჭავამ.
გურიის გუბერნატორის ზურაბ ნასარაიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიას გააძლიერებს:
„ირაკლი ძალიან ენერგიული, ჭკვიანი და პოზიტიური ადამიანია. მისი დაბრუნება, ალბათ, კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს პარტიას. ირაკლის მომხრეები საკამოდ დიდი ჯარია. მათი გვერდში დგომა ბევრად გამოადგება მმართველ პარტიას“, _ გვითხრა ნასარაიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა ასკურავას ღარიბაშვილის დაბრუნება ძველ ანდაზას ახსენებს:
_ ხომ გაგიგიათ ანდაზა _ „გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო“. ეს ანდაზა გამახსენდა ამ ფაქტზე. საერთოდ, ღარიბაშვილის მოღვაწეობა არაფერს მეუბნება. იგი მახსოვს მხოლოდ იმ ფაქტით, რომ უშულოდ მან გასცა ბრძანება დაერბიათ ჩვენი ოფისები. ეს საქმე დღესაც გამოუძიებელია და ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი, _ აღნიშნა ასკურავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება ვერაფერს შეცვლის:
„ღარიბაშვილის დაბრუნება რეალურად ვერ შეცვლის იმ მძიმე ვითარებას რაც დღეს „ქართულ ოცნებაშია“; სიტუაციას ვერც ნაფტალინიდან ღარიბაშვილის ამოღება ვერ უშველის. სამაგიეროდ, ოლიგარქი შეეცდება მის გამოყენებას იმ ჯგუფის დასასჯელად, რომელიც დღითი დღე ძლიერდება ივანიშვილისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამ შიდა დაპირისპირებას გადაყვება „ოცნება“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მჟავანაძემ.
ჩვენ შევეცადეთ კომენტარი ოზურგეთის მერისგანაც მიგვეღო, რომელიც ჩვენი წყაროს თქმით, ღარიბაშვილზე იმის გამოა განაწყენებული, რომ 2014 წელს გამგებლობის კანდიდატად არ დაასახელა. რამდენიმე წყარო დღესაც ადასტურებს, რომ კონსტანტინე შარაშენიძე ღარიბაშვილს სხვადასხვა შეხვედრებზე აუგად მოიხსენიებდა:
_ დღეს, როცა ოფიციალურად დადასტურდა, რომ ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა, შარაშენიძეს არ დაუმალავს უარყოფითი ემოცია. უფრო მეტიც _ მისი კაბინეტიდან ხმამაღალი გინებაც ისმოდა. ვერ გეტყვით, ვინ იყო მასთან ერთად, მაგრამ გარკვევით ისმოდა, როგორ აგინებდა ივანიშვილს ღარიბაშვილის დაბრუნების გამო, _ გვითხრა წყარომ.
ჩვენ ვეცდეთ მერთან გადაგვემოწმებინა, რამდენად სწორი იყო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა, უშედეგოდ _ კონსტანტინე შარაშენიძემ,, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. შარაშენიძე კონტაქტზე არც მას შემდეგ გამოვიდა, რაც კითხვის შინაარსი სმს-ად მივწერეთ და ვთხოვეთ განმარტება გაეკეთებინა.
p.s. სტატიის გამოქვეყნებიდან 40 წუთის შემდეგ ოზურგეთის მერმა კომენტარი გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საიდან მოიტანეს, რომ მე ღარიბაშვილს ვაგინებდი? ჩვეულებრივად ვხვდები პოლიტიკაში მის დაბრუნებას და მივესალმები კიდეც.“