ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 6,5კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. გზის სამშენებლო სამუშაოებს გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან, მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. როგორც რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით გურიის რეგიონში მასშტაბური პროექტები ხორციელდება. მათ შორისაა სურების გზაც, სადაც დასრულდა წინა მოსამზადებელი სამუშაოები და მიმდინარეობს ასფალტის დაგება. პროექტი ითვალისწინებს სავალი გზის გაფართოებას, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების და ყრილდამჭერი კედლების (გაბიონების) მოწყობას. პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ღირებულება 2,571,352 ლარს შეადგენს და სამუშაოებს კომპანია“New Road”- ახორციელებს.
„ეს არის კარგი მაგალითი ცენტრალური ხელისუფლების, მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის თანამშრომლობისა. სწორედ ამ კოორდინირებული მუშაობით ეს გზა მივა ბოლომდე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართული იყო აღნიშნულ პროცესში“, – აღნიშნა ირაკლი კუჭავამ. (R)