თბილისში ხშირად ჩამოდიოდა ცნობილი რუსი მსახიობი ალისა ფრეინდლიხი. ფრეინდლიხს ჩვენს ქალაქში მასპინძლობას ყოფილი ფეხბურთელი, იმ ხანად დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორ-განმკარგულებელი მიხეილ ჯოჯუა უწევდა.
მსახიობი სასტუმრო “თბილისში” ჩერდებოდა და დროთა განმავლობაში საქართველოს ყველა ღირსშესანიშნაობაც დაათვალიერა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას მიიწვია გიორგი შენგელაიამ თავის მიუზიკლში “ვერის უბნის მელოდიები”, ბალეტის მასწავლებლის როლში.
ალისას ძალზე უყვარდა ქართველები, როგორც კი დროს გამონახავდა ჩამოდიოდა ხოლმე. მოგვიანებით მიხეილ ჯოჯუა ფუნიკულიორის დირექტორად დანიშნეს. იქ იყო შესანიშნავი საზაფხულო თეატრი. ბატონი მიხეილი რუსეთიდან ცნობილ მსახიობებს ხშირად იწვევდა. რვა საათზე იწყებოდა სპექტაკლი.
ამის შემდეგ მსახიობებს ფუნიკულიორის რესტორანში იწვევდნენ. ერთ მშვენიერ საღამოს რესტორანში ალისა ფრეინდლიხი და მიხეილ ბოიარსკი იმყოფებოდნენ. შემოვიდნენ მაშინდელი საქართველოს მთავრობის წევრები, რომლებსაც ახლდათ სსრ კავშირის ვაჭრობის მინისტრი. ამ ადამიანმა ალისა და მიხეილი რომ დაინახა, ასევე მოსკოვის “მოსსოვეტის” თეატრის მსახიობები გადაირია, ამათ აქ რა უნდათო.
ათი წლის მანძილზე გრძელდებოდა ასეთი შეხვედრები. ალისას ძველი თბილისი მოსწონდა განსაკუთრებით. მოსწონდა ქართული ღვინო – ხვანჭკარა. უყვარდა ქართველებთან ერთად ქეიფი.