ექსკურსიებზე ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტში სპეციალური ჩანაწერებია. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა გამოიყოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტი უსაფრთხო იყოს.
“ბავშვთა უფლებათა კოდექსში არის შემდეგი მიმართულებები ექსკურსიებთან დაკავშირებით: უნდა გამოიყოს აუცილებლად უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტი იყოს უსაფრთხო. ერთი პირი მაინც უნდა იყოს ბავშვებთან, რომელიც იქნება სპეციალიზებული პირველადი დახმარების გაწევაზე, თუ რამე უბედური შემთხვევა მოხდება, მაშინვე გაუწევს დახმარებას ბავშვს.
ასევე უნდა იყოს ინფორმირებული პოლიცია და მუნიციპალიტეტები სასწრაფოებთან დაკავშირებით. მთელი რიგი საკითხებია გათვალისწინებული, რომელიც დაიცავს ბავშვებს და რისკებს შეამცირებს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ბავშვის უფლებათა კოდექსს პლენარულ სხდომაზე ხვალ პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონის ამოქმედების ვადად 2020 წელის ივნისია განსაზღვრული. ამ კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევა კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა სახის სანქციებს გამოიწვევს.
დღეს პარლამენტის ბიუროს მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი წარედგინება. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს. ცვლილებების თანახმად, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება.