“გახარია წადი!” – აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. საავტომობილო კოლონა რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაჩერდა.
აქციის მონაწილეთა მიზანია საკუთარი პროტესტი, მოთხოვნები გააგონონ მინისტრებს, რომლებიც ამ წუთებში მთავრობის სხდომას მართავენ.
მთავარი მოთხოვნა კი ერთია – გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელსაც აქციის მონაწილეების განცხადებით, პასუხისმგებლობა ეკისრება 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურნენ, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრს და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. პრემიერმა დღეს თქვა, რომ მათ დაიცვეს ქვეყანა დესტაბილიზაციისგან.