საპენსიო სქემაში ჩართულია 53.940 ორგანიზაცია და დასაქმებულ ადამიანთა, პრაქტიკულად, 100%, სულ იანვრიდან დარეგისტრირდა 828 ათასზე მეტი მოქალაქე, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით დასაქმებულთა, დაახლოებით, 13-მა პროცენტმა ისარგებლა.
“გააუქმა სქემიდან გასვლის განცხადება და კვლავ განაგრძო პენსიის დაგროვება ასობით დასაქმებულმა. ამ დროისათვის, აკუმულირებულია 265 მილიონამდე ლარი, რომელსაც დაერიცხა 3 მილიონ 229 ათასზე მეტი სარგებელი. მოქალაქეთა მომართვიანობამ საპენსიო სქემიდან გასვლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად იკლო და ვიმედოვნებთ, რომ ინფორმირებულობის კვალდაკვალ სქემიდან გასული დასაქმებულებიც კვლავ ჩაერთვებიან და განაგრძობენ საპენსიო დანაზოგის დაგროვებას. უკვე გვყავს პირველი პენსიონერებიც, რომლებმაც გაოთხმაგებული დანაზოგით ისარგებლეს. ძირითადად, ესენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ სქემიდან გასვლა და დანაზოგის სრულად დაუბეგრავად გატანა. რაც შეეხება თვითდასაქმებულთა რაოდენობას – ისინი დეკლარირებენ წელიწადში ერთხელ და სწორედ მაშინ გვეცოდინება მათი სრული სტატისტიკა”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. (R)