პოლიტიკური სპეკულაციების ნიშნები არსებობდა, თუმცა გულწრფელად გიდასტურებთ, რომ ეს არ იყო უმრავლესობის მისწრაფება, ბიძინა გეგიძე გარიცხულიყო – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არის თემები, მთელი რიგი საკითხები: მოსამართლეთა არჩევის შესანიშნავი სისტემა, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაიწუნა; თუნდაც ის განცხადება, რომ თითქოს მედიაზე ზეწოლას ახდენს „ქართული ოცნება”, ან რამე თავისუფლების შეზღუდვა არსებობს. ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის, არც სასკანდალო. შეიძლება ადამიანს თავის შეხედულებებით ჩამოყალიბებული სხვა პოლიტიკური პლატფორმა ჰქონდეს. რჩება განცდა, თავად ბიძინა გეგიძე მიისწრაფოდა იმისკენ, რომ ყოფილიყო სწორედაც გარიცხული. ვინაიდან, თავისი შეხედულებების გამო, კოლეგებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან განუცხადებია, რომ იგი გადაწყვეტს, ულტიმატუმის სახით, თუ როგორ მოიქცევა მომავალში.
პოლიტიკური სპეკულაციების ნიშნები არსებობდა, თუმცა გულწრფელად გიდასტურებთ, რომ ეს არ იყო უმრავლესობის მისწრაფება, ბიძინა გეგიძე გარიცხულიყო“,-აცხადებს ვოლსკი.
საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატი ბიძინა გეგიძე გარიცხეს. გეგიძისათვის უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა უმრავლესობამ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე მიიღო.