საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა (სემეკ) გიორგი ფანგანმა, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოში (ECRB) მისი პრეზიდენტობის დროს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. კერძოდ, გიორგი ფანგანმა ვრცლად ისაუბრა 2017-2019 წლებში, საბჭოში განხორციელებულ რეფორმებზე, რომლებიც მიმართული იყო ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების მეტ ინტეგრაციაზე, ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზებასა და ენერგეტიკულ გაერთიანებაში ახალი წევრების მიღების ხელშეწყობაზე.
რეფორმის ფარგლებში, გიორგი ფანგანის ინიციატივით, პირველად ევროპის ენერგეტიკული ორგანიზაციების ისტორიაში, ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელ საბჭოსა (ECRB) და ხმელთაშუაზღვის ქვეყნების ენერგეტიკის მარეგულირებლებს (MEDREG) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. სამ უმსხვილეს ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკის სექტორის რეგულირების გაძლიერება.
ასევე, საბჭოს ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა კიბერ უსაფრთხოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხების შესწავლა, გაერთიანების წევრი ქვეყნების ინფორმირება ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე. მომზადდა საკანონმდებლო და საორგანიზაციო ბაზა, რომელიც წამოადგენს ერთგვარ საფუძველს გაერთიანების კონტრაქტორ მხარეებს შორის ელექტროენერგიის ჯვარედინი გაცვლის საკითხების რეგულირებაში.
გიორგი ფანგანს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს პრეზიდენტის პოსტი (ECRB) 2017 წლიდან, 2 წლის ვადით ეკავა. იგი ECRB-ის პირველი ქართველი პრეზიდენტი იყო. (R)