ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ დაუფიქსირდათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან სპეციალური თვითმფრინავით ჩამოვიდნენ, რის შემდეგაც შეამოწმეს.
„შემოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ასევე იქ იყვნენ კლინიცისტი ექიმები. თითოეულმა მათგანმა შეავსო თვითმფრინავში ყოფნისას გარკვეული კითხვარი, თუ სად იმყოფებოდნენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, იყვნენ თუ არა შეხებაში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან. ეს ადამიანები გადაყვანილები იქნებიან ორკვირიან კარანტინში, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ დაკვირვებები.
გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. ხაზს ვუსვამ, არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“,_ განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, თუ ორი კვირის განმავლობაში რომელიმე მათგანს დაეწყება რესპირაციული სიმპტომები, მაშინ მათ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ.