გურიის გუბერნია დისტანციურ მუშაობაზე გადადის. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ინფორმაცია გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ დაუდასტურა.
„ვითვალისწინებთ კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და ადმინისტრაცია გადადის დისტანციურ რეჟიმზე. გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია შედგება სამი სამსახურისგან. თითოეულ სამსახურს ჰყავს ხელმძღვანელი და ისინი ყოველდღიურად გამოცხადდებიან სამსახურში. მათი თანამშრომლები კი ვისი ყოფნაც ამ ეტაპზე არ წარმოადგენს აუცილებლობას, მუდმივი კონტაქტი ექნებათ თავიანთ სამსახურის უფროსებთან და ელექტრონული საქმის წარმოების მეშვეობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. ეს არ ეხება პოლიტიკურ თანამდებობის პირებს“,_ გვითხრა ზურაბ ნასარაიამ.
„მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გამოაცხადა პანდემიად. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო, ბოლო კვირების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიის მზაობის რეკომენდაციებს მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი,”_ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა მთავრობის ყველა შესაბამისი ორგანო გადადის 24-საათიან, საგანგებო მუშაობის რეჟიმზე.