კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 531 ათასს გადააჭარბა. ვირუსი 199 ქვეყანაშია გავრცელებული. 120 000-ი ადამიანი განიკურნა.
მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ დრომდე იტალიაშია, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში კიდევ 712 ადამიანი დაიღუპა. სულ გარდაცვლილთა რიცხვი 8 ათას 200-ს აღემატება.
სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილზე ესპანეთია. გარდაცვალების 712 ახალი შემთხვევის შემდეგ, ფატალური შემთხვევების საერთო მონაცემმა 4 ათას 365-ს მიაღწია. ერთ დღეში ვირუსის გავრცელების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ბელგიაში.
გასულ 24 საათში აქ ახალი კორონავირუსი ათას 298 ადამიანს დაუდგინეს, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6 235-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 220 პაციენტი. გარდაცვალების პირველი ფაქტი დადასტურდა სომხეთში. მეზობელ სახელმწიფოში დაავადების 300-მდე შემთხვევაა უკვე გამოვლენილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.