ყოფილი პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამყურაშვილის მეუღლემ, მწერალმა და ჟურნალისტმა ეკატერინე ტოგონიძემ დაწერა. რატი სამყურაშვილი მძიმე სენს წლების განმავლობაში ებრძოდა.
“უშენოდ არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. პირველ პირში ფიქრს დიდი ხანია გადავეჩვიე. ჩემი ყველა ფიქრი მეორე პირშია და ერთადერთი ადამიანისკენაა მიმართული. ეს არის ყოველწამიერი და უწყვეტი ფიქრი, როგორც არსებობა, როგორც სუნთქვა. სუნთქვა იმ ერთადერთისთვის, რომლის გვერდზე დგომაც იყო პატივი. რადგან ის არის ყველაზე სუფთა, კეთილი სული, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. იმაზე დიდი და ღირსეული, ვიდრე ადამიანს შეუძლია დაიტიოს. ვერც ხალხის, ვერც ცრემლის რაოდენობა ვერ გამოხატავს, ვერ დაეწევა, ვერ ამოავსებს უძირო ორმოს გულში. ზუსტად ვიცი, რამდენს გამოგეცალათ საყრდენი და როგორი შეუცვლელია ის უშრეტი სიყვარული, რომელსაც რატი წლებთან ერთად სულ უფრო მეტად გასცემდა. ამას აკეთებდა ყველასგან გამორჩეულად, რატისებურად. ასე რომ, მოსვლის გარეშე შეგიძლიათ უპასუხოთ სიყვარულით. გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს. ისედაც ვიცი, ყველაფერი ვიცი… შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე. შეხვედრამდე“, _ წერს ეკატერინე ტოგონიძე.