სანამ ჩვენ ვაქცინა არ გვექნება, ხანდაზმულ ადამიანებთან კონტაქტი მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, – ამის შესახებ გამოცემა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„მე ვიცი, რომ იზოლაციაში ყოფნა ძალიან რთულია, მაგრამ ეს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. დისციპლინა და მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. ბავშვები და ახალგაზრდები ჩვეულ რიტმს უფრო მალე დაუბრუნდებიან, ვიდრე ხანდაზმულები და ქრონიკული ავადმყოფები“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, ივლისსა და აგვისტოსთან დაკავშირებით საიმედო პროგნოზების გაკეთება ჯერ ნაადრევია, ამიტომ ადამიანებმა საზაფხულო შვებულების დაგეგმვა არ უნდა იჩქარონ.
„თუ ვაქცინა არ შეიქმნა, ხანდაზმულთა თავშესაფრებში ვიზიტები შემდეგ წელსაც იქნება აკრძალული. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე რომელიმე ევროპული ლაბორატორია ვაქცინას შექმნის“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
წყარო: იმედინიუსი