აღდგომას შვილმა მამა ნაჯახით მოკლა, პოლიციამ ბრალდებული საკუთარ სახლში დააკავა, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ო.ბ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 აპრილს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა მამას – 1939 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.