თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა.
„თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს”, – წერს ჯანჯღავა.