ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების გასახორციელებლად საკრებულომ, 25 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საკითხი დეპუტატებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააცნო.
საკითხთან დაკავშირებით, მერიის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი სეკვესტრს ექვემდებარება, მილიონ 400 ათასი ლარის ოდენობით.
„მიმდინარე წელს COVID 19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს ეკონომიკური და საგადასახადო შემოსავლის პროგნოზი. ზემოთ აღნიშნულის და „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მუნიციპალიტეტების კუთვნილი დამატებითი ღირებულების გადასახადის პროცენტული განაწილების გათვალისწინებით, 2020 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საგადასახადო შემოსავლების საორიენტაციო მაჩვენებელი შემცირდა 1113.9 ათასი ლარით და განახლებული მაჩვენებელი დარჩა 7794.6 ათასი ლარი, მათ შორის, კუთვნილი დღგ-ს განახლებული საორიენტაციო საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 6494.6 ათასი ლარს, არაფინანსური აქტივების კლებიდან შემოსავალი უნდა შემცირდეს 260.0 ათასი ლარით, სულ მუნიციპალიტეტის შემოსავლის ნაწილი მცირდება 1373.9 ათასი ლარით. მუნიციპალიტეტის მიერ უნდა გახორციელდეს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება და უნდა შემცირდეს ბიუჯეტის გადასახდელები“, _ წერია მერიის განმარტებით ბარათში.
კერძოდ: 5 ათასი ლარით მცირდება საკრებულოს საქონელისა და მომსახურების მუხლი, სოცუზრუნველყოფის მუხლი კი _ 10 000 ლარით; მუნიციპალიტეტის მერიის საქონელისა და მომსახურების მუხლი მცირდება 20000 ლარით, ხოლო სოცუზრუნველყოფის მუხლი _ 10000 ლარით.
ასევე, მცირდება: ა(ა)იპ ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის ბიუჯეტის საქონელისა და მომსახურების მუხლი 1200 ლარით, ა(ა)იპ სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის საქონელისა და მომსახურების მუხლი _ 100400 ლარით, ა(ა)იპ სპორტული ცენტრის საქონლისა და მომსახურების მუხლი 15000 ლარით და სხვა ხარჯების მუხლი 20000 ლარით, ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებათა არაფინანსური აქტივების მუხლი 45000 ლარით, განათლების ღონისძიებები _ 3000 ლარით, კულტურის ღონისძიებები _ 7000 ლარით. საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტის უზრუნველყოფის ტრანსპორტის ხარჯი _ 254 973 ლარით.
ნიშანდობლივია, რომ ამ შემცირებების ფონზე იზრდება წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის მუხლი 45000 ლარით, რაც ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან იძულებითი ნაბიჯია.
მერიის მხრიდან წარმოდგენილი პროექტების ბიუჯეტში ასახვის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საკრებულომ, მათ შორის ოპოზიციამაც, თანხმობა შენიშვნების გარეშე მისცა.