ამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად “კაწროს“ გამოკითხვა მიმდინარეობს.
„კაწროს“ სახელმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა იგი დღემდე გამოკითხული არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა წყალში იპოვეს.
როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი.
ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს.
საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედია ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა.
ამ დრომდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.