სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში, მაშინ როცა პანდემიის პირობებში ბიზნესი გაკოტრებულია, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჯარიმებია დაწესებული.
„ჩვენ ხომ ყველაფერში „მოწინავეები“ ვართ, მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამხელა ჯარიმები, როგორც საქართველოს, მაშინ, როცა ბიზნესის გაკოტრებულია, რამოდენიმე ბიზნესმენმა გადაწყვიტა ვალი აიღოს და გახსნას ობიექტი, ამისთვის გაიარეს საჭირო პროცედურები და აიღეს ლიცენზია. ამ ლიცენზიის მიღების შემდეგ ისევ მიადგნენ ამ ხალხს და თავისივე შემოწმებული ობიექტები იგივე პირობებით დააჯარიმეს, რაზეც თვითონ ჰქონდათ გაცემული ლიცენზია. ესაა ბიზნესის დაშინება და ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა აღარ გახსნას ობიექტი“,_ განაცხადა ალავერდაშვილმა.
ალავერდაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო ამოქმედებული წესების დარღვევისთვის სულ 31 რესტორანი, 3 სასტუმრო და 2 ივენთია დააჯარიმებული.
სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის განცხადებით, ერთმა რესტორანმა ძალიან კარგ შემთხვევაში 10 000 ლარის მოსაგებად 4 თვე უნდა იმუშაოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ 2021 წლის ივნისამდე არ მოხდა სესხების გადავადება და შეთანხმება კონკრეტულ ობიექტებთან, ძალიან რთული იქნება სესხების გადახდა და მით უმეტეს, აღსრულების გახორციელება ამ სესხების გადახდისთვის.