ხვალიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კიდევ ერთი ინსტრუმენტი ამოქმედდება.
როგორც სოციალურ ქსელში შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გოგა ხატიაშვილი იუწყება:
„ქალთა მიმართ და ოჯახში მოძალადეებისთვის ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდება, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მსხვერპლის დაცვის მიზნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი და ამავდროულად, არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე, პოლიციელი მოძალადის ქცევას გააკონტროლებს ელექტრონული ზედამხედველობის გზით.
ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციელი ახორციელებს რისკების შეფასების ინსტრუმენტის/კითხვარის საფუძველზე.
მაგალითად, თუ შემაკავებელი ორდერით მოძალადეს აეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება, სწორედ ელექტრონული სამაჯურით გაკონტროლდება, თუ რამდენად ასრულებს მოძალადე ამ ვალდებულებას.
მას შემდეგ, რაც პოლიციელი მოძალადის მიმართ გამოიყენებს ელექტრონულ ზედამხედველობას, აღნიშნული გადაწყვეტილება 24 საათის ვადაში დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს მოსამართლეს.
საბოლოოდ, უკვე მოსამართლემ უნდა თქვას ელექტრონული ზედამხედველობა დატოვოს ძალაში თუ გააუქმოს.
ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში.
საერთო ჯამში, ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, ანუ მაქსიმუმ ერთი თვით.
ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის თანხმობა.
ამ მექანიზმის შემუშავებაში ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევაა ჩადებული. მიხარია, რომ მცირედი წვლილი მეც შევიტანე გაწეულ სამუშაოებში. დიდი მადლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციას #unwomen, რომლის მხარდაჭერის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ სისტემის დანერგვა.
ახლა მთავარია, პოლიციელის მიერ სწორად მოხდეს რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება“.