გურიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა გამოვლენილი.
„გურია ნიუსმა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთან სცადა, გაერკვია, რა ზომების მიღება იგეგმება ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზით რეგიონში და რა ღონისძიებები ტარდება ამჟამად.
„ამ ეტაპზე ტარდება სამივე შემთხვევის კონტაქტების კვლევა. ვნახავთ, რამდენად ფართოა ეს კონტაქტები, რამდენ ადამიანს დაჭირდება კარანტინი ან თვითიზოლაცია და რა მასშტაბით უნდა ვაწარმოოთ PSR ტესტირება.
ვფიქრობ, რომ გურიის განყოფილებას აქტიურად ეხმარება იმერეთის სამმართველო და დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს გვექნება გეგმა, რას ვაკეთებთ გურიაში. გურიაში არ იქნება ის მასშტაბები, რაც იყო აჭარაში“,_ გვპასუხობს გამყრელიძე.
მოხდება თუ არა ლოკალური ჩაკეტვა, გამყრელიძის თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის შემთხვევაში მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა გურიაში გუშინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში 21 წლის გოგოს დაუდასტურდა. ის „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება.
დღეს კიდევ 2 ინციფირებულის შესახებ გახდა ცნობილი. აქედან 1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში დაფიქსირდა, მეორე ისევ ქვენობანში. ინფიცირებული სამი თვის ბავშვია. ისინი ინფიცირებულ გოგონას კონტაქტები არიან.