„ვერც გამოძიების დაწყება და ვერც ახლად აღმოჩენილი გარემოებები, ვერც აზერბაიჯანთან მოლაპარაკების დაწყება და სამართლიანი ძიების პროცესი, რომლის ფარგლებშიც ვეცდებით გადაიხედოს საზღვრის დადგენასთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმებები, ეს ვერ დააზიანებს ჩვენს ორმხრივ, ისტორიულად ძალიან მყარ, მეგობრულ ურთიერთობებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„ვინაიდან ჩვენ არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანულ სახელმწიფოსთან, მითუმეტეს მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ არ გაგვაჩნია და არც შეიძლება გაგვაჩნდეს. მინდა რომ ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გაიგოს. ნებისმიერი პატრიოტი, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესები და ეს აბსოლუტურად ნორმალურია.
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ როცა ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში იმყოფებოდა ჩვენ გვქონდა შინაარსიანი და დეტალური საუბარი, სწორედ ამ დემარკაციის პროცესთან. საჯაროდაც ვთანხმდებით, რომ მოიძებნოს შეთანხმება ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ მიმართულებითაც წავალთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის ფარგლებში, იქნება საგნობრივი განხილვა“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის აზებაიჯანელ კოლეგას მაშინ შეხვდა, ვიდრე რეგიონში კონფლიქტის ესკალაცია მოხდებოდა. „ჩვენ მოლაპარაკების დროს აზერბაიჯანელ კოლეგას გავუზიარეთ ის ახლად აღმოჩენილი გარემოებები, ახალი კარტოგრაფიული რუკები, მასალები, საექსპერტო დასკვნები და შესაბამისი განმარტებები მივეცით. მათ ჩვენი პოზიციები უნდა გადაეხედათ და არანაირად არ უნდა ყოფილიყო აღქმული, რომ მათ მიმართ რაიმე პრეტენზია გვაქვს. მათი მხრიდან ამას ნორმალური გაგება ჰქონდა.
პოლიტიკური სპეკულაციები, რომ თითქოს ეს დააზიანებს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს და გაუმართლებელი ბმაა დღეს მიმდინარე კონფრონტაციასთან სამეზობლოში. ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგას მაშინ შევხვდით, როცა არ იყო დაწყებული კონფრონტაცია“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.