ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გადაიდო და ნაცვლად 12 ოქტომბრისა 19 ოქტომბერს დაიწყება.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულება “მომავალის” ხელმძღვანელი ნინო ბარამიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას განმარტავს, სააღმზრდელო პროცესის გადადება კომპანია “სოკარში” არსებულმა რეგულეციებმა გამოიწვია.
“მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია “სოკარმა” ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების მიზნით, დაახლოებით, 4 თვის წინ, საბავშვო ბაღებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. გვეგონა, რომ “სოკარი” დათმობაზე წავიდოდა და სანამ მოთხოვნებს შევასრულებდით, აღდგებოდა ბუნებრივი აირის მოწოდება, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. აქედან გამომდინარე, სამზარეულოებში ყველა გაზქურა უნდა გადაკეთდეს თხევად გაზზე. გარდა ამისა, წყლის გამაცხელებლები რამდენიმე ბაღში უნდა გადავიყვანოთ ელექტროენერგიაზე. ცხელი წყალი რომ მიეწოდოს ბაღებს, უნდა შევიძინოთ წყლის ელექტროგამაცხელებლებიც. სხვა მხრივ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბაღები მოწესრიგებულია და მზადაა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად, _ გვითხრა ნინო ბარამიძემ.