დღეიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00-საათიდან. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს ჯერ გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერების გარდა მკაცრი შეზღუდვების და „ლოქდაუნების”, თუმცა ყველას გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის და ადაპტაციის თანმიმდევრული და გაცხადებული გეგმა და ამას აქვს თავისი ახსნა და მიზეზი. ამ ახსნის ძირითადი კომპონენტი გახლავთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. ყველას უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, ეკონომიკური კონკურენცია პოსტკრიზისულ ეკონომიკაში იქნება აბსოლუტურად სხვა და ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ ჩვენი ძირითადი სტრატეგია ამ მიმართულებით გახლავთ სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვები, რაც არის აუცილებელი და რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი“,_ განაცხადა პრემიერმა გუშინ გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დღეს შევიდა.