ირაკლი კობახიძის განცხადებით, ავღანეთში არჩევნების შესახებ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ოპოზიციამ ავღანეთის უბნებზე არჩევნები ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო, მაშინ როდესაც რეალურად არჩევნები ჯერ ჩატარებული არ იყო და ახლა დასრულდა.
„გვინდა გაგაცნოთ ამ უბნების მონაცემები. პირველი ეს არის მაზარ-ი-შარიფის უბანი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 111 ხმა, რაც არის 84,7%. რაც შეეხება მეორე ბაზას, ეს არის ბაგრამი-ქაბულის ბაზა. აქ აიღო „ქართულმა იცნებამ“ 697 ხმა, რაც არის 93%. ეს არის ქართული ჯარის, ქართველი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოცხადებული ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანთან ერთად ძალიან ემოციურიც. მადლობას ვუხდით ქართველ ჯარისკაცებს გამოცხადებული ნდობისთვის და ეს გვაძლევს დამატებით მოტივაციას, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და ქართული ჯარის გაძლიერებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.