19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანს, მოსამართლე მაია ოშხარელმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა.
თუ რა სასჯელს გამოიყენებს მოსამართლე ბრალდებულების მიმართ, ამის შესახებ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე გახდება ცნობილი, რომელსაც მაია ოშხარელი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, არაუგვიანეს 7 დღის განმავლობაში დანიშნავს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე წარმოებად ზაფხულში გამოყო. საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს დაიწყო.
ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობაში მონაწილეობას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ასევე,109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.
შეგახსენებთ, განზრახ მკვლელობის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 8 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას ბრალდება ხუთ პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს ედავება. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.